გოგი წულაიას მხარდასაჭერად ხვალ პროკურატურასთან აქცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
"გოგი წულაიას თავისუფლებისთვის!"- პოლიტიკოსის მხარდასაჭერად, ხვალ, 4 აპრილს მორიგი აქცია გაიმართება. წულაიას მეგობრები და მოქალაქეები, რომლებსაც პოლიტიკოსის უდანაშაულობის სჯერათ, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან, 14:30-ზე შეიკრიბებიან.
აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდებიან.
"ბატონ გოგის ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ის არ არის მოძალადე ადამიანი, პირიქით, ყოველთვის ებრძოდა მოძალადეებს და ის პერფორმანსის მსხვერპლი გახლავთ. ცნობილია ისიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მოგეხსენებათ, როგორ განიცდის ამ ყველაფერს ბატონი გოგის ოჯახი. მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვისაც გულით გჯერათ გოგის უდანაშაულობის, დავუდგეთ ოჯახს და გოგის გვერდით და გამოვხატოთ ადამიანური გულშემატკივრობა. ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით თბილისში, მთავარ პროკურატურასთან (ორთაჭალა). ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა პოლიტპატიმარ გოგი წულაიას მიმართ!"- აცხადებს წულაიას მეგობარი ლევან ჟღენტი.
პოლიტიკოსს სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად წულაია კი ბრალს არ აღიარებს და თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს. პოლიტიკოსი დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობს, ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფობი რჩება.
თაგები:
