Logo

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეზე გივი მიქანაძე „საიუბილეო სამახსოვრო მედლით“ დაჯილდოვდა

პოლიტიკა
149
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უნივერსიტეტის მიერ „საიუბილეო სამახსოვრო მედლით“ დაჯილდოვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო თარიღი მიულოცა და განათლების სფეროს განვითარებაში უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა. 

მიქანაძის თქმით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრია, რომელსაც მრავალი თაობის განათლება-განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის.

"90 წელი არ გახლავთ მხოლოდ ციფრი, ეს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა, ტრადიცია და ერთგულებაა განათლებისადმი. 

მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა, ომებისა და დროებითი გამყოფი ხაზებისა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ინარჩუნებდა ინტელექტუალური ცენტრის სტატუსს რეგიონსა და ქვეყანაში. ყოველი თაობა, რომელიც აქ სწავლობდა თუ ასწავლიდა, თითო აგური იყო იმ კედლებში, რომლებმაც უნივერსიტეტი დღემდე მოიყვანა.

უნივერსიტეტის 90-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგია არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული, ასობით გამორჩეული პედაგოგი, პროფესორი, აკადემიკოსი და ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ფასეული ღირებულებები.

შეუძლებელია არ აღინიშნოს უნივერსიტეტის პოლიტიკური დატვირთვა. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვე უნივერსიტეტის დანიშნულებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს – ცხინვალის უნივერსიტეტი, რომელიც დროებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს, ამის თვალსაჩინო მაგალითია.
 
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვუსურვებ მტკიცე ნაბიჯებით სიარულს მომავლისკენ, ინოვაციების, ინტეგრაციის და იმ ღირებულებების პატივისცემის გზაზე, რომელმაც აქამდე ასე ღირსეულად მოიყვანა”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

90 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, უნივერსიტეტი სამი დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მასპინძლობს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1935 წელს დაარსდა, შიდა ქართლში განათლებისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს. ის ორი უმაღლესი სასწავლებლის - სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.

Advertisement