გუბაზ სანიკიძე – ჩვენ ვართ სახელმწიფო “ვალოდია ჯინჭარაძე“, რადიატორთან ვზივართ, არავის აღარ ვახსოვართ, ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზებისთვის და ოსებისთვის გაირკვა, რომ რუსებს შეუძლიათ მათი მიტოვება, რუსებმა ახლა ფაქტობრივად, მიატოვეს ისინი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში ანტირუსული განწყობა გაიზრდება და ამას ქართულმა საზოგადოებამ ხელი სწორი განცხადებებით და ქმედებებით უნდა შეუწყოს.
“არ იქნება სწორი, რომ ჩვენ განვაახლოთ ის იარები და უბედურება, რაც ჩვენს და ოსებს, ჩვენს და აფხაზებს შორის მოხდა. პროცესი მიდის ძალიან საინტერესოდ. ოსებში და აფხაზებში აუცილებლად გაიზრდება ანტირუსული განწყობილება, ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ხელი შევუწყოთ იმით, რომ აქედან არ უნდა იყოს აგრესიული განცხადებები და ქმედებები.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე თვითონ აფხაზებსა და ოსებს ძალიან დიდი გამოცდა ელით. ძალიან დიდი ამბავი აფხაზებისთვის და ოსებისთვის გაირკვა, რომ რუსებს შეუძლიათ მათი მიტოვება. რუსებმა ახლა ფაქტობრივად, მიატოვეს ოსები და აფხაზები.
ამ ხელისუფლების პირობებში კარგს არაფერს ველოდები, მაგრამ ეს ხელისუფლებაც დიდხანს ვეღარ გაძლებს. გაზაფხულზე დიდ ცვლილებებს ველოდები. უკრაინაში, რა თქმა უნდა, საქართველოში არაფერს არ ველოდები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ განადგურებული, მიწასთან გართხმული სახელმწიფო“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, საქართველო ახლა არის სახელწიფო -„ვალოდია ჯინჭარაძე“, რომელსაც ვერავინ ამჩნევს. სანიკიძემ კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციის ქმედებებიც.
“პოლიტიკური სპექტრი, რისი წარმომადგენელიც მე ვარ, არ აქვს უნარი, ფაქტია ეს, რომ რაიმე შეცვალოს.
ჩვენ ვართ სახელმწიფო ვალოდია ჯინჭარაძე, რადიატორთან ვზივართ. არავის აღარ ვახსოვართ, ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
თაგები:
გუბაზ სანიკიძე




