Logo

“გუბერნატორების სახლი”, 1869 წელს აშენებული უნიკალური შენობა, სადაც ახლა “ღონე ქვეყნისა” ფუნქციონირებს

საზოგადოება
1225
Frontnews image description

ქუთაისში, როძევიჩის ქუჩაზე უნიკალური არქიტექტურის მქონე ორსართულიანი შენობა ფუნქციონირებს, სადაც ძველად, გუბერნატორები 40 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, ახლა კი სკოლაა განთავსებული. 

შენობის ისტორიის შესახებ Front news_copy International-თან, კერძო სკოლა "ღონე ქვეყნისას" დამფუძნებელი მანანა ქარქაშაძე საუბრობს. 

"ეს შენობა უძველესი და უნიკალურია თავისი ისტორიით. აღნიშნული 1869 წელს აკაკი წერეთლის ბიძამ გიორგი აბაშიძემ ააშენა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მიაქირავა რუსის გუბერნატორებს. ანუ, 40 წლის მანძილზე აქ ცხოვრობდნენ გუბერნატორები. თვითონ სახლს, გუბერნატორების სახლი ერქვა. როგორც ვიცი, სიკვდილამდე გიორგი აბაშიძემ ეს შენობა გაყიდა და საბოლოოდ, მარიამ ყაუხჩიშვილის ხელში აღმოჩნდა. აღნიშნული მოიაზრებოდა როგორც ულამაზესს სასახლედ და აქ ღამე აქვს გათეული იმპერატორ ალექსანდრე მეორეს შვილთან ერთად და შემდეგ-ალექსანდრე მესამესაც. წყაროებში ვკითხულობთ, რომ ამ შენობაში ხვდებოდნენ ქართველ თავადაზნაურებს იმპერატორები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ. მოკლედ უმნიშვნელოვანესი შენობა იყო", – აცხადებს მანანა ქარქაშაძე.

მანანა ქარქაშაძემ შენობა 2012 წელს შეიძინა. ახლა აქ სკოლა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი ფუნქციონირებს. კეთდება მუზეუმიც, სადაც მნიშვნელოვანი ექსპონანტები მოიყრის თავს. 

"შენობა რომ შევიძინე, აქ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი იყო (სახელმწიფო საკუთრებაში). შემდეგ გამოვისყიდე და გადავამზადე ძალიან ბევრი პედაგოგი. მერე სკოლაც გავაკეთე. 2012 წელს შევიძინე  ეს შენობა და ამორტიზებული იყო. წარმოიდგინეთ რამდენჯერ იყო გადაღებილი საბჭოთა პერიოდის დროს, ამიტომ ის ძველი იერსახე დაკარგული ჰქონდა. ჩვენ არც ვიცოდით რა ვიყიდეთ, სანამ ერთ-ერთი ლოკაციის აღდგენა არ დავიწყეთ. რომ ჩამოიყარა ეს გადაღებილები, აღმოჩნდა, რომ შიგნით იყო უნიკალური ნაგებობა. ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ერთბაშად ჩაგვეტარებინა რეაბილიტაცია, მაგრამ იმდენად დავინტერესდით ამ თემით, მოვიძიეთ თანხები, მოვიყვანეთ არქიტექტორებიც. მახსოვს, ერთი არქიტექტორი რომ გადიოდა, თავისთვის ამბობდა: ეს არ არის შენობა, ეს პოეზიააო. წარმოიდგინეთ, როგორი უნიკალური უნდა იყოს, ამას არქიტექტორი რომ იტყვის. 

ჩემი მეუღლე მიხვდა, რომ აქ კარებიც არ იქნებოდა უბრალო. მართლაც, უნიკალური, ურთხმელის წითელი ხის სამი უზარმაზარი კარი აღმოჩნდა. ამასთან, უნიკალური ღუმელები, გაყვანილობა და ა.შ. ჩემი კაბინეტის წინ ბუხარია, წარმოიდგინეთ, რომ იქ 200 წლის წინანდელი ნახშირია. ადრე, ქვემოთ ერთ ადგილზე რომ ინთებოდა, ისე იყო გაყვანილობა მოწყობილი, მთელი კედლები თბებოდა. ამ სისტემის აღდგენა დღეს უკვე უტოპია იყო, თორემ ძალიან ვიყავი დაინტერსებული საკითხით. ამას გარდა, აღმოჩენილია კიდევ ერთი პატარა კედელი, რომელიც იმდროინდელი დიზაინის ნიმუშივითაა შემორჩენილი და მისი შემონახვა შევძელით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიწაში იყო მთლიანად სარდაფი. მიწა რომ ამოვიღეთ, აღმოჩნდა უნიკალური კიბეები, რომელზეც ამოტვიფრულია ომის დროს რუსი ჯარისკაცების სახლები, გვარები და წლები. აღმოჩნდა, რომ აქ ჰოსპიტალიც ყოფილა. როგორც ჩანს, ომის დროს აქაც მკურნალობდნენ ხალხს. ასევე, ქვემოთ იყო გრანიტი, რომ ავყარეთ უნიკალური თეთრი ქვით იყო მოპირკეთებული და დავტოვეთ აღნიშნული. ამ შენობას ჰქონდა ორი ულამაზესი გუმბათი. ერთი შენარჩუნებულია, მეორე მომტვრეულია. შემორჩენილში სავარაუდოთ, მტრედების ფოსტა უნდა ყოფილიყო. ეს ოთახიც მოვაწყეთ და კარგ ამინდებში გაკვეთილებიც ტარდება აქ. რადგანაც პანდემია იყო, ლოკაციის ერთი ნაწილი დაგვრჩა აღსადგენი. ამასთან, ვაპირებთ მოვაწყოთ მუზეუმიც. 30 ექსპონანტი უკვე მზად მაქვს. ყველაფერი დავბეჭდე და ჩარჩოში ჩავსვი. გაკეთებული მაქვს ტრაფარეტიც"-ამბობს მანანა ქარქაშაძე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ რეაბილიტაციის პერიოდში, რესტავრატორმა ერთ-ერთ ღუმელში პატარა კონვერტი აღმოაჩინა. აღნიშნული 1897 წლით თარიღდება.

"როდესაც ღუმელები გამოვწმინდეთ, ეს კონვერტი ვნახეთ. მერე ყველა ღუმელში ვეძებდით, იქნებ იქაც გვენახა რამე. აქ გარკვევით ჩანს წარწერები, მაგრამ ისეთი ხელწერაა (რაღაც ჯოხისებრი), ამოკითხვა ჭირს. ერთ-ერთი გუბერნატორის სახელია მიწერილი, ბეჭედზე კი წერია, რომ განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას ეკუთვნის. შესაძლოა, რაღაც საიდუმლო დოკუმენტი იყოს და დაწვეს", – აცხადებს მანანა ქარქაშაძე.

მისი ხელმძღვანელობით, აღნიშნულ შენობაში სკოლა უკვე 9 წელია, ფუნქციონირებს და წარმატებულ თაობას ზრდის.

თაგები:

Advertisement