გუმათში რიონის ხეობის მცველების აქცია გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობის მცველებმა გუმათის დასახლებისკენ უკვე გადაინაცვლეს. მათ რკინის ბარიკადებთან, რომელიც პოლიციამ გუმათჰესთან აღმართა, ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. კედლის მეორე მხარეს კი ისევ სამართალდამცველები დგანან.
ხეობის მცველების განცხადებით, იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს, აუცილებელია გაიხსნას რკინის კედელი და მშვიდობიანად გადაინაცვლონ ნამოხვანში. ამასთან ისინი, პრემიერ-მინისტრთან, ან სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.
"გადმოვინაცვლეთ ისევ გუმათჰესთან, სადაც როგორც ხედავთ ისევ კრინის კედელია აღმართული. დღესაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპოლიციო ძალებს, აიღონ ეს კედელი და გაგვატარონ ჩვენი პროტესტის ადგილზე, რათა შევძლოთ პროტესტის მშვიდობიანი გზით გაგრძელება, როგორც ამას ვაკეთებდით მთელი თვეების განმავლობაში. წინააღმდეგ შემთვევაში, როგორც დავაანონსეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ და მოაწყონ პიკეტირება თავთავიანთ სივრცეებში", – აცხადებენ ხეობის მცველები.
პროტესტის მონაწილეებმა გუშინდელი ღამე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაათენეს.
რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 173-ე დღეა, გრძელდება.
თაგები:
