Logo

“გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას”

საზოგადოება
532
Frontnews image description

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის სამართლებრივი მოთხოვნა დასაბუთებულია.

მისივე თქმით, აქვთ გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს.

"ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, კანონისმიერი, შესაბამისად, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება კონკრეტულად არგუმენტაციას, მიხეილ სადრაძის განმარტებით, ბრალდებულ ნიკა მელიას მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის დანაწესებს ეწინააღმდეგება.

„მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს არგადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არ დაემორიჩილება კანონის მოთხოვნას, არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. სისხლის სამართლებრივ სივრცეში, სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება და ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესს, მის განხორციელებას.

ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროცედურულად, სასამართლოს აქვს ალტერნატივა, გაიზიაროს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია და ამის შესაბამისად, როგორც ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სხვა საქმეზე დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა. ჩვენი პოზიციაა, შეიცვალოს უფრო მკაცრი ღონისძიებით. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, საბოლოო ვერსიას მოვისმენთ სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის მოთხოვნას, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ გადაწყვეტილების აღსრულება.

„როგორც წესი, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს, კონკრეტული ვადა არაა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აღსრულდეს, მით უმეტეს, იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი პოზიციები საზოგადოებისთვის ცნობილია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

თაგები:

Advertisement