ჰელსინკის კომისია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს

ავტორი
Front News საქართველო
ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს.
კომისია ბლინკენს მიმართავს, რომ უნდა დაწესდეს ინდივიდუალური ფინანსური სანქციები “საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების” – ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას.
“ძვირფასო მდივანო ბლინკენ, ჩვენ ვწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ საქართველოში შექმნილი ვითარების მიმართ, უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისკენ. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლების პასუხისმგებლობისკენ. თუმცა, ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ უმოკლეს დროში, მეტის გაკეთებაა საჭირო საქართველოს მოსახლეობის დასაცავად.
მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ამოქმედების პროცესი საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების წინააღმდეგ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ. ცხადი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და მავნე გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ იქნებიან თავისუფალნი ქართველი ხალხის ნებისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების შეზღუდვაში. მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბატონი ჰაკის, კონგრესის საგარეო საქმეთა ევროპის ქვეკომიტეტის წინაშე გაკეთებული ჩვენებიდან, მისი სიტყვების პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, “ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი”.
გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც მხარს უჭერს “ქართული ოცნების” გავრცელებულ და მავნე მფარველობის სისტემას, მოდის “თაღლითური” სატელეფონო ცენტრებიდან მთელს მსოფლიოში, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს მეგობარ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად ფუნქციონირებს თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე. ეს ქოლცენტრები, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძებს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებს შორის, ისევე როგორც მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის რუსეთში, და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლცენტრები სხვადასხვანაირად მობილიზებული იყო ბოლო თვეებში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა, პოლიტიკური ოპოზიციისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის. უკანონო გამდიდრება, რომელსაც ისინი აწარმოებენ, ასევე წარმოადგენს სხვადასხვა კორუფციულ ქსელებს საქართველოში, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ და ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ პროცესებს. ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, რომელიც კვებავს რუსულ კორუმპირებულ ქსელებს და იძლევა სანქციების თავიდან აცილებისთვის შესაძლებლობებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადაში, აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები ამ სატელეფონო ცენტრის ქსელებისა და სხვა მსგავსი საშუალებების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები იქნება, ჩვენს კანონპროექტის, „მეგობარი“ აქტს მტკიცე შემავსებელი. ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს. გმადლობთ, რომ გაითვალისწინეთ ეს გადაუდებელი საკითხი. ჩვენ ველოდებით თქვენს პასუხს ამ საკითხების გადასაჭრისთვის საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. კონგრესი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ძალისხმევას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი აწერენ ხელს.
თაგები:
ჰელსინკის კომისია




