Logo

ჰერჩინსკი – მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით

პოლიტიკა
1229
Frontnews image description

მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, თითქოსდა პოლიციელს სცემა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“რაც ბოლო 60 დღის განმავლობაში თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ნულოვანი მზაობაა ხელისუფლების მხრიდან, მოუსმინონ ხალხს, რაც სრულიად აღმაშფოთებელია. საჭიროა მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა. ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი. მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის შერყევა და მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალბატონისთვის, რომელმაც თითქოსდა პოლიციელი სცემა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკოსების დევნაზე, ნამდვილად დაისჯებიან, სამართლიანობა აღსრულდება.

გაოგნებული ვარ ბათუმელი მზია ამაღლობელის შიმშილობით. უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალი, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. ყველამ ტელევიზიით ვნახეთ სასტიკი ცემა, ვგულისხმობ ნიღბიანი მამაკაცების მიერ ქალების ცემას, არავის ბრალი არ წაყენებია, ეს უპრეცედენტოა. სწორედ ამიტომ გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან სანქციების შესახებ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ, ერთსულოვნებას შეუერთდნენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობის თავდადებით, ჩვენ დავბრუნდებით და ვიმუშავებთ ერთსულოვნების მიღწევაზე, რაც აუცილებელია ევროკავშირის მიერ სანქციების შემოსაღებად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები