ჰერჩინსკი - თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია, ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება.
"ევროკავშირი მტკიცედაა დაფუძნებული უნივერსალურ ღირებულებებზე, რომელსაც მრავალი ათწლეულების განმავლობაში ერთად ვიცავთ და რომლის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ.
რაც უფრო მატულობს გლობალური გამოწვევები, იზრდება ევროკავშირის სიმტკიცეც, რომ დარჩეს საიმედო, პროგნოზირებად პარტნიორად, რომელიც არის პარტნიორი კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვის, რომელიც იყენებს ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას, რომ ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
პრინციპული, თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი გაჭირვებაში მყოფი ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის სასიცოცხლო დახმარების მიმწოდებელი - ეს არის ევროპა.
საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ, რა გააკეთა ევროკავშირმა სოფლებსა თუ ქალაქებში. მესამე წელია, მაქვს პატივი, თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე.
2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ, დღეს კი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.
საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია, ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება.
დღეს აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ, საქართველო, წინ!", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი