Logo

“ჰესის ძირითადი ნაწილის, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება”

საზოგადოება
1428
Frontnews image description

ჰესის ძირითადი ნაწილის, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრისას განაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და კვლევების საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ – კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული ძირითადი კვლევის გადამოწმებას / ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ეჭვები, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს იმაზე საუბარს, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, იგივე გზის სამუშაოებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, სადაც კონსტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს.  

"ვფიქრობ, დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მის მართვაში პირველ რიგში მოსახლეობის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და ეს ფონდი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ძირითად სოფლებსაც დაფარავს, რაც ხეობაშია განთავსებული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომ პროექტმა მოიტანოს ხეობაში მეტი განვითარება"-განაცხადა თურნავამ. 

მისივე განცხადებით, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რათა მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვი გამოირიცხოს. მისივე თქმით, დაინიშნება ქართველი დირექტორი. 

"ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც დააკვირდება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამ ჩართულობის მეშვეობით მეტ გარანტიას ვუზრუნველყოფთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს მასში მონაწილეობას (ხეობის მცველები), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, იმისთვის რომ საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები. ვფიქრობ, რომ ყველა აქ ჩამოთვლილი ღონისძიების მეშვეობით. მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ნამახვანჰესი არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ინვესტორი აშენებს. ეს არის ჩვენი ქართული პროექტი, საქართველოს ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე", – განაცხადა ნათია თურნავამ.

თაგები:

Advertisement