IDFI – რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია, საიდანაც 30,000-ზე მეტი 2022 წლის შემდეგ არის დარეგისტრირებული


ავტორი
Front News საქართველო
IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო.
“რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, – რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდმეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.
რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცემთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100. მათ შორის, მაგალითად გვხვდება შპს “ქართული ოცნება”, რომლის საქმიანობაა ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები. კომპანიის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, რომელიც 2018 წლით თარიღდება, ბერა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქედ არის რეგისტრირებული.
ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული – საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს „კ და ქართული სპირტი“. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანიას” 50%-ის მფლობელი.
ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მენეჯმენტში აქტიურად გვხდებიან „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები. მიკვლეული კომპანიების მენეჯმენტს მმართველი პარტიისთვის ჯამურად 556 000 ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, კომპანიის შვილობილი საწარმოები მილიონობით ლარს იღებენ სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვების სახით – შესყიდვები ძირითადად რთველის სუბსიდირების ფარგლებში ხდება. ჯამში კომპანიასთან დაკავშირებულ მიკვლეულ შპს-ებს 30 მლნ-ის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდებათ.
კარიჭაშვილი უკრაინამ სანქცირებულ პირთა სიაში 2023 წელს შეიყვანა. სანქცირება მასა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესკავშირების მოტივით მოხდა. უჩა მამაცაშვილი უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია, ვახტანგ კარიჭაშვილი კი მასთან ერთად (50%-50%) ფლობს შპს “მელიქიშვილი ინნს”. კომპანია თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10-სართულიან სასტუმროს აშენებს. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited-საც.
ორმაგი მოქალაქეების გარდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე. მაგალითად, შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველოს 51%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ივანოვი, 25% -ს საქართველოს მოქალაქე სოსო საჯაია, ხოლო 24%-ს საქართველოს-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ზურაბ ჭანტურია.
რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე). კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის (1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის.
რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული”, – აღნიშნულია კვლევაში.
თაგები:


ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მასშტაბურია

IDFI – ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45,349 მოქალაქემ გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილი – შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება