“იმაზე გონიერი ხალხია ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე მავანს ჰგონია”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით მოხარულია, რადგან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ, მისი გამბედაობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა. სხვანაირად არ შეიძლება, ამდენი წელია ხალხი ელოდება რაღაც შვებას და წინსვლას", – განაცხადა სააკაშვილმა.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მომავალში სააკაშვილს თბილისში შეხვდება.
"ორწელიწადნახევარია, ჩვენ შეხვედრის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. სამწუხაროდ, მიშას დღემდე არ მიეცა შესაძლებლობა, ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. როგოც იქნა, შევხვდით. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში. ასეც უნდა იყოს, კანონზომიერება ჯიუტი რამ არის. შეუძლებელია, სხვაგვარად მოხდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული იყოს საერთო სტრატეგია, მტერი არ გავახაროთ. ციხიდან რომ გამოვედი, უამრავი ხაფანგი დამხვდა დაგებული.
ბევრი ადამიანი პრაქტიკულად ხელებს იფშვნეტს, იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში, განსაკუთრებით მიშასთან მიმართებით ჭორებს ავრცელებენ, თითქოს დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე მავანს ჰგონია. ამიტომ არავის მივცემთ საშუალებას, პროვოკაციაზე წამომაგონ. მეორეც, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს.
მადლობა ღმერთს, არსებობს საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა. მიხარია, რომ აქ ვარ და უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა არა მხოლოდ მიშასთან ურთიერთობის, არამედ მიშას დახმარებით ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდი როგორც უკრაინელს, ასევე არაუკრაინელს. ყველაფერი მაგრად იქნება. მთავარია, ჩვენ თავად ვირწმუნოთ საქართველოში, რომ გამარჯვება შეგვიძლია. პოლიტიკოსებმა თუ არ ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია, როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:





