Logo

იოსებ ღუდუშაური - ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, "ქეშბექები" გამომდინარეობს დისტრიბუციისგან

Frontnews image description

ყველაზე აქტიურად დგას "ქეშბექების" საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში, ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, - განაცხადა "უნივერსამის" დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა "ქეშბექი" თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას, შესაბამისად,  საბოლოოდ, დიდ ქსელებს ეძლევა საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას.

"კონკრეტულად ეს "ქეშბექები" გამომდინარეობს დისტრიბუციისგან - მე არ მინდა, ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ, მათ მიერ შემოთავაზებული ყველა "ქეშბექი" და ყველა ფასდათმობა, თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას. თუ რომელიმე დისტრიბუცია რაღაც ფასს ან რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამას ტყუილად არ იძლევა - ამ "ქეშბექის" უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს ქსელებს, განსაკუთრებით - დიდ ქსელებს, აძლევს საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოსთხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას", - განაცხადა ღუდუშაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ კომპანიებს არ სურთ, დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები, სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომაც ისინი ამჯობინებენ "ქეშბექის" სქემას, ვინაიდან, ეს იძლევა საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.

"ჩემი შეხედულებით, "ქეშბექი", ეს არის შეფარული ფასდაკლება და რას გულისხმობს ეს კონკრეტულად: კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომელსაც ჩვენ დისტრიბურორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელებისთვის, ამიტომ, "ქეშბექის" ჭრილი ბუნდოვანია, ამას ვერ იგებს ადამიანი, რომელიც შედის rs.ge-ზე, ანუ, კომერციული პირობა უცნობია და ეს არის მათივე შემოთავაზებული სქემა, თორემ, ჩემთვის მაგალითად, სულ ერთია, "ქეშბექს" მოვთხოვ თუ ფასდაკლებას", - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები