ირაკლი აბესაძე – ივანიშვილი მორიგ ჯერზე იყენებს ამ ქვეყანას სეიფად, თუმცა ამ სეიფის მომსახურების გადასახადის გადახდაც კი არ სურს

ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი მორიგ ჯერზე იყენებს ამ ქვეყანას სეიფად, თუმცა ამ სეიფის მომსახურების გადასახადის გადახდაც კი არ სურს, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეშინია სანქციების და ურჩევნია, რომ საქართველოში ჰქონდეს ნახატები, ვიდრე ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში.
“ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ეშინია სანქციების და ურჩევნია, რომ საქართველოში ჰქონდეს ეს ნახატები, ვიდრე ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში, სადაც შესაძლებელია, რომ მას ისინი ჩამოერთვას, გაიყიდოს, გასხვისდეს და მიღებული თანხაც კი არ მოხმარდეს ივანიშვილს. რაც მთავარია, მას საკანონმდებლო ბაზა გამზადებული აქვს იმგვარად, რომ მნიშვნელოვანი შეღავათი ნახოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ამ ფერწერული ტილოების შეტანა მას დაუჯდებოდა ასეულობით მილიონი გადასახადის სახით, სამაგიეროდ, საქართველოში მას თამამად შეუძლია, დაახლოებით, 240 მილიონ ლარზე მეტი არ გადაიხადოს იმ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ელოდება.
ივანიშვილი მორიგ ჯერზე იყენებს ამ ქვეყანას სეიფად, თუმცა ამ სეიფის მომსახურების გადასახადის გადახდაც კი არ სურს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს თავის საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ფერწერულ ტილოები საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმოაქვს.
თაგები:
ირაკლი აბესაძე




