ირაკლი ალადაშვილი – რუსეთის არმიას გამარჯვებისმაგვარი პერსპექტივა უკრაინის ტერიტორიაზე არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
რას დაუპირისპირებს უკრაინა რუსეთის ბარბაროსულ სამხედრო ქმედებებს, რაში მდგომარეობს უკრაინელების ძალა და რა საფრთხეს უქმნის ატომური ელექტროსადგურები ევროპის ქვეყნებსა და თავად რუსეთს – ამის შესახებ Front News-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა.
– რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 კვირის თავზე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება. როგორც ცნობილია, პირვანდელი გეგმა, რაც ქონდა პუტინს „ბლიცკრიგის“ ოპერაციის სახით, სწრაფად აეღო უკრაინის ძირითადი სტრატეგიული ობიექტები, პირველ რიგში კი, დედაქალაქი კიევი და იქ დაესვათ პრორუსული ხელისუფლება, ჩაიფუშა. ეს არის რეალობა, რასაც, ალბათ, უკვე მოსკოვში და კრემლშიც აღიარებენ. საბრძოლო მოქმედებების იმ ტაქტიკამ, რაც რუსეთს ქონდა, არ გაამართლა. უკრაინელებმა მათ დაუპირისპირეს ტოტალური თავდაცვითი ტაქტიკა, იგივე პარტიზანული მოქმედებების ტაქტიკა. ამ 2 კვირის განმავლობაში 10 ათასზე მეტი უკრაინელი ჩაეწერა თავდაცვის რიგებში, ეს ძალიან სერიოზული ძალაა. რუსულ ძალაზე თავდასმები ხორციელდება თითქმის ყველა სოფელში, გზის პირას, კორპუსებიდან – ეს არის სწორედ პარტიზანული მოქმედება.
გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო ძალიან დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სახით, რომელთა გამოყენება ერთ ან ორ ადამიანსაც შეუძლია. სწორედ ის შეიარაღებაა, რაც პარტიზანებისათვის არის განკუთვნილი.
– რა იტყვით დრონების შესახებ, რამდენად ეფექტურად იყენებს უკრაინა თანამედროვე ტექნოლოგიებს?
– თურქეთის მიერ მიწოდებულ დრონებს, ანუ ბაირაქტარებს, უკრაინელები საკმაოდ აქტიურად იყენებენ და წარმატებითაც. ამაზე მეტყველებს ის ვიდეო კადრები, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება. იქ ჩანს ის წერტილოვანი დარტყმები, რასაც უკრაინელები აყენებენ რუსეთის ჯავშან ტექნიკას.
საჰაერო უპირატესობა რუსეთის ავიაციას აქვს უკრაინის ცაში და რუსები ბარბაროსული მეთოდებით აგრძელებენ მოსახლეობისა და სასიცოცხლო ობიექტების დაბომბვას, თუმცა უკრაინელები ახერხებენ და უკვე საკმაო ზიანი მიაყენეს, რამდენიმე ათეული თვითმფრინავი და შვეულმფრენია ჩამოგდებული.
უახლოეს პერიოდში, რაც დრო გავა, უკრაინის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დახმარება დასავლეთიდან და ნატოდან იზრდება, უფრო მეტი ადამიანი ეწერება ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში და რაც მთავარია, ესაა მოტივაცია – უკრაინელები იცავენ თავიანთ ქვეყანას, ხოლო რუსეთის არმია არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი.
რაც უფრო გაიზრდება უკრაინელი სამშობლოს დამცველების მოტივაცია, პარალელურად შემცირდება რუსეთის არმიის სამხედროების მოტივაცია, რომლებიც უკვე 2 კვირაზე მეტია, იმყოფებიან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი, რომლებზეც უთხრეს, რომ გასათავისუფლებლები არიან, ნაცვლად ყვავილებისა, რაკეტებს ესვრიან. ასე რომ, რუსეთის არმიას გამარჯვებისმაგვარი პერსპექტივა უკრაინის ტერიტორიაზე არ აქვს.
– რაც შეეხება ბირთვულ სადგურებზე არსებულ საფრთხეს, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საფრთხე ნატოს წევრ ქვეყნებსაც ემუქრება?
– უკრაინაში 5 ატომური ელექტროსადგურია, აქედან 1 ჩერნობილის, რომელიც არ ფუნქციონირებს, დანარჩენი 4 სადგურზე ამჟამად მუშაობს 15 ატომური რეაქტორი, მათგან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში, 6 ატომური რეაქტორი მუშაობს. 15 ატომური რეაქტორი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა, სპეციალურადაც რომ არ ესროლოს ვინმემ ატომურ რეაქტორს, შეიძლება თვითმფრინავი ჩამოვარდეს და ის დაეცეს. ეს არის ცეცხლთან თამაში. შეიძლება რუსეთს ინტერესი იყოს, რომ ამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით ელექტროენერგია გაუთიშოს მთელ უკრაინას, თუმცა რა მიზანიც უნდა ქონდეს, ატომური რეაქტორის სიახლოეს საბრძოლო მოქმედებების გამართვა არის ძალიან სახიფათო. ეს წარმოადგენს საფრთხეს არა მარტო ევროპისათვის, ეს არის საფრთხე თვითონ რუსეთისთვის, რადგან ქარი საით წავა და საით წაიღებს რადიოაქტიურ ღრუბელს, ეს არავინ იცის, დიდი შანსია, რომ ქარი წავა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, სადაც არის რუსეთი. ჩერნობილის ატომური რეაქტორის კატასტროფა რომ მოხდა 1986 წლის 26 აპრილს, მაშინაც უკრაინის გარდა დაზარალდა ბელარუსი, ევროპა და რაც მთავარია, თვითონ რუსეთი. ახლაც ღმერთმა არ ქნას, რამე რომ მოხდეს რუსეთსაც შეექმნება უდიდესი პრობლემა, ისე როგორც მთელ ევროპას და შეიძლება საქართველომდეც ჩამოაღწიოს, არც ესაა გამორიცხული.
ირინა მაკარიძე
Front News
თაგები:
უკრაინა