ირაკლი ალადაშვილი - ცუდიდან და ძალიან ცუდიდან ყველაზე კარგი სცენარი ომის გაყინვაა იმ ფრონტის ხაზზე, რომელზეც ახლა ორივე მხარე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში შეხვედრა დგას, რომლის მთავარ განსახილველ თემად უკრაინასა და რუსეთს შორის "ტერიტორიების გაცვლა" სახელდება. აღნიშნული სცენარი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკვე აცხადებს პრეტენზიას უკრაინის ოთხ ოლქზე (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), ხოლო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ეწინააღმდეგება ტერიტორიების დათმობას.
რამდენად რეალისტურია ასეთი მოვლენების განვითარება და რა მოლოდინები არსებობს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.
- ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მთავარი განხილვის თემა, უკრაინასა და რუსეთს შორის "ტერიტორიების გაცვლაა". რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ასეთი სცენარი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკვე აცხადებს პრეტენზიას უკრაინის ოთხ ოლქზე (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ტერიტორიების დათმობას? რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრიდან?
- მე არ ველი, რომ ამ შეხვედრიდან ვლადიმერ პუტინი რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდეს. ის კვლავ მოითხოვს ისეთ დათმობებს უკრაინისგან, რაც პირდაპირ კაპიტულაციის ტოლფასია. არ ველი, რომ ამ ერთი შეხვედრით ომის ბედი გადაწყდეს. ტრამპს უბრალოდ საკუთარი ინტერესები აქვს და ის ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ მშვიდობის დამყარება შეუძლია. ვიცით, რომ მისი ინტერესია ნობელის პრემიის მიღება მშვიდობის დარგში, შესაბამისად, ის თავისი მიზნების განხორციელებას ცდილობს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ტრამპმა საერთოდ შეუჩეროს უკრაინას იარაღის მიწოდება. ახლაც აღარ აძლევს უსასყიდლოდ და უკრაინას უწევს ამ იარაღის ყიდვა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მან საერთოდ მიყიდვაზეც კი თქვას უარი. აქ ასევე საუბარია სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზეც, როცა აშშ-ის დაზვერვა აწვდის ინფორმაციას და უკრაინა საგანგებო სიგნალს რთავს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ ძალიან დიდი რისკები არსებობს პირიქით, უკრაინაზე ზეწოლის. ტრამპმა შეიძლება თქვას, რომ აი, ის ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ უკრაინა არ არის ამაზე თანახმა.
- თუკი პუტინი არ აპირებს საკუთარი პირობებისა და მოთხოვნების კორექტირებას, მაშინ რა არის მისი მიზანი, რის გამოც ის ტრამპთან შეხვედრას დასთანხმდა?
- ახლა პუტინის მთავარი მიზანია დროის მოგება. ის ცდილობს, რაც შეიძლება გაწელოს დრო, რომ მოლაპარაკების პროცესში უკეთესი პირობები ჰქონდეს. ამერიკაში დაპატიჟა ტრამპმა პუტინი პირისპირ და ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებაა. იმ პოლიტიკურ იზოლაციაში, რასაც ახლა პუტინი განიცდის, მისთვის ძალიან სასურველი და სასარგებლოა ტრამპთან შეხვედრა. ასევე, ამით უნდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აჩვენოს: "მე კი მშვიდობის მომხრე ვარ, მაგრამ უკრაინას რომ არ უნდა მშვიდობა, აგერ ფაქტი სახეზეა“. ის თამაშობს, ეს პუტინის ჩვეული მანევრია. თუმცა, გულუბრყვილო არც ტრამპია, მაგრამ მასაც საკუთარი ინტერესები აქვს, როგორც ვთქვი, და ისიც ცდილობს აჩვენოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ომის დასასრულებლად ნაბიჯებს დგამს.
- დასავლურ მედიაში აქტიურად იწერება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი "ფარულად უშვებს ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობას“ და ამის სანაცვლოდ "უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს“ ეძებს, მათ შორის ნატოში გაწევრიანებას. თქვენი აზრით, რა სახის გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, რომლებიც უკრაინისთვის მისაღები იქნება ტერიტორიული დათმობების ფონზე და რამდენად რეალურია ნატოში გაწევრიანება კონფლიქტის გაყინვის პირობებში?
- სამწუხაროდ, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დიდი ხანია, აქტუალური აღარ არის და ამ საკითხს არავინ დაუბრუნდება. გვახსოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანებას შეჰპირდნენ, სამწუხაროდ, ეს არარეალური აღმოჩნდა. რაც შეეხება სხვა გარანტიებს, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ტრამპმა რაიმე გარანტიების ვალდებულება აიღოს. ჯერ ერთი, რომ ამას არ იზამს და მეორეც, რომ დადოს ასეთი პირობა, ამას ვერც შეასრულებს. ყველაფერი მარტივადაა: ევროპაც და ამერიკაც, ყველა მათგანი პირდაპირ ომს რუსეთთან ერიდება. მათ რომ რაიმე გარანტიების ვალდებულება აიღონ უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით, ეს ომში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. რაიმე გარანტიებზე საუბარი გამორიცხულია, ამერიკა ასეთ პასუხისმგებლობას არ აიღებს. რაც შეეხება ევროპას და მისი მხრიდან სამშვიდობო ჯარის გაგზავნას, დანაყოფების განლაგებას კონფლიქტის ხაზზე, ეს არარეალურია. ამის პასუხისმგებლობას არც ევროპა აიღებს და რუსეთი მით უმეტეს წინააღმდეგი იქნება.
- ევროკავშირის 26-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, და რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ეს პოზიცია ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „ტერიტორიების გაცვლის“ იდეაზე და რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპელი ლიდერები ვაშინგტონის შეთავაზებას დაუჭერენ მხარს? ან რა სახით არის შესაძლებელი ევროპა წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკებებში?
- ეს მოლაპარაკება ძირითადად ამერიკასა და რუსეთს შორის არის. ევროპა საერთოდ თავიდანვე გაყვანილი იყო ტრამპის მიერ ამ მოლაპარაკებიდან. ეს ასევე რუსეთის მოთხოვნაც არის. კი ბატონო, უკრაინაზე იქნება საუბარი, მაგრამ აქ ორ ქვეყანას შორის სხვა საკითხების განხილვაც მოხდება. აქ იქნება ძალიან საიდუმლო და მნიშვნელოვან თემებზე საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების მონაწილეობას გამორიცხავს. ეგ კი არა, უკრაინაც არ არის წარმოდგენილი ამ მოლაპარაკების პროცესში ჯერჯერობით. ეს ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ურთიერთობას ეხება.
- უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი „ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შეწყვეტისთვის“ და ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს. თქვენი პროგნოზით, თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ტერიტორიული დათმობებით დასრულდება, ეს შეაჩერებს რუსეთის სამხედრო აგრესიას თუ, პირიქით, წაახალისებს მას ახალი ტერიტორიების დასაკავებლად?
- დიახ, სამწუხაროდ, ზელენსკის ვეთანხმები, რადგან პუტინი, როგორც უკვე აღვნიშნე, ამით დროს იგებს. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ რუსულმა დანაყოფებმა პოკროვსკის მიმართულებაზე 15 კილომეტრით შეჭრა შეძლეს. ყოველდღე პუტინის არმია რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს იპყრობს. ყოველდღე 10 კვადრატულ კილომეტრს მაინც იკავებდნენ. თითქოს დიდი უპირატესობა არაა, მაგრამ ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევს. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი აქვს, რუსეთი ამ მხრივ „უნიკალურია“, რადგან საერთოდ არ ადარდებს ეს ამბავი. ამიტომ პუტინს შეუძლია ამ ტაქტიკით და ტემპით გააგრძელოს ომი. ამიტომ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე ომის დასრულება პუტინს არ აწყობს.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკების წინ პუტინი უფრო ძლიერი კოზირების ხელში ჩაგდებას ცდილობს და ფრონტის ხაზზე ბოლო დღეებში მოპოვებული უპირატესობა ამის დასტურია?
- შეტევა ყველა ფრონტის მიმართულებით მიდის, როგორც აღმოსავლეთით, ასევე ჩრდილოეთით და სამხრეთით. მისი მთავარი მცდელობა ახლა დონეცკის ოლქის საბოლოოდ დაპყრობაა. ლუგანსკის 99% თითქმის დაპყრობილი აქვს პუტინს. დონეცკის ოლქში დაახლოებით 25% დასაპყრობი დარჩა. აქ შედის ორი დიდი უკრაინული ქალაქი, კრამატორსკი და სლავიანსკი. სწორედ მათ ბოლომდე დაპყრობას ცდილობს. ვიცით, პუტინს ოთხ რეგიონზე აქვს პრეტენზიები გაცხადებული, შესაბამისად, ამის ბოლომდე შესრულება აქვს ახლა მიზნად დასახული.
- "ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმებისთვის პირობები შექმნა, თუმცა „იქნება დათმობები, რომლითაც კმაყოფილი არავინ არ იქნება“, ამასთან დასძენს, რომ პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, ზეწოლა რომ არ ეგრძნო. რა სახის ზეწოლაზეა საუბარი და რამდენად ძლიერია ეს ზეწოლა, რომ რუსეთი ტერიტორიების გაცვლაზე დათანხმდეს, მაშინ როდესაც ის აქტიურად განაგრძობს შეტევით ოპერაციებს? კონკრეტულად შეგვიძლია ვთქვათ, რა სახის გაცვლაზე საუბრობს თავდაცვის მდივანი?
- უკრაინას ამ ეტაპზე ვიცით, რომ კურსკის ოლქზე აღარ აქვს კონტროლი. 1 წლის წინ უკრაინამ შეძლო და ეს ტერიტორიები დაიკავა, თუმცა 8 თვის შემდეგ რუსეთმა მისი უკან დაბრუნება შეძლო. აქ საუბარი, როგორც ჩანს, არის იმაზე, რომ უკრაინა თმობს დონეცკის ოლქის დარჩენილ ნაწილს უბრძოლველად. სამაგიეროდ, რუსები ჩრდილოეთიდან, სუმის ოლქიდან გადიან. ასევე, ცოტა აღმოსავლეთით, ხარკოვთან რომ არიან, იქიდანაც გადიან. თითქოს ისინი იქიდან გავლენ და უკრაინამ ეს ტერიტორიები უნდა დათმოს. ხოლო სამხრეთით ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები რუსეთს დარჩება. რკინიგზაზე ხომ საუბარიც არ არის. ესეც არარეალურად მიმაჩნია.
- ბოლოსთვის მინდა თქვენს მოლოდინზე გკითხოთ, ომის საბოლოო დასრულებას უნდა ველოდოთ თუ მხოლოდ მის გაყინვას. რა სცენარით ელით მაინც მოვლენების განვითარებას?
- ახლა უკრაინისთვის ამ ძალიან მძიმე სიტუაციაში, ცუდიდან და ძალიან ცუდიდან ყველაზე კარგი სცენარი ომის გაყინვაა იმ ფრონტის ხაზზე, რომელზეც ახლა ორივე მხარე იმყოფება. ეს იქნებოდა ამ ეტაპზე უკრაინისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები. ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლონ. ომის ასე გაყინვა ფრონტის ხაზზე უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ ცოტა ამოისუნთქოს. თუმცა აქაც, პუტინი რამდენად დათანხმდება ამას, ისევ ესაა საკითხავი. ის მიიჩნევს, რომ წინ მიიწევს, ფრონტის ხაზზე უპირატესობა აქვს და ამიტომ ვერ ხედავს ბრძოლის შეწყვეტის მიზეზს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ირაკლი ალადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს