ირაკლი ალადაშვილი - თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოც არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება


ავტორი
Front News საქართველო
დონალდ ტრამპის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებამ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ახალი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული სამხედრო დახმარების შეწყვეტისა და მის ნაცვლად შეიარაღების მიყიდვის გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, რადიკალურ ცვლილებას ჰგავს, თუმცა შესაძლოა, ეს გაცილებით ღრმა სტრატეგიული მანევრის ნაწილი იყოს.
ცდილობს თუ არა თეთრი სახლი, პასუხისმგებლობა მოკავშირეებზე გადაანაწილოს და დახმარების ახალი, ალიანსზე დაფუძნებული მოდელი შექმნას? რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი ფრონტის ხაზზე და როგორ შეიძლება შეიცვალოს საერთაშორისო წნეხი რუსეთზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News-ს ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება.
- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას - ერთი მხრივ, შეწყვიტოს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიწოდება და მეორე მხრივ, თავად დაიწყოს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა? შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს დასავლური მხარდაჭერის გადანაწილების ახალი სქემის დამკვიდრების მცდელობად?
- ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო რთულია მისი გადაწყვეტილებების ზუსტი მიზნების ამოცნობა. თუმცა, ის სწორედ ამ არაპროგნოზირებადობას იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ოპონენტების დასაბნევად. მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ ეფუძნება პრინციპს: „პირველ რიგში ამერიკის ინტერესები“. გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღი კი არ აჩუქოს, არამედ მიჰყიდოს, ამ ლოგიკაში ჯდება. წლების განმავლობაში ძვირად ღირებული შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემა მდგრადი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ტრამპი ამ ნაბიჯით პრაგმატული გამოსავლის პოვნას ცდილობს.
- ფიქრობთ, რომ სწორედ ამ გამოსავლის ძიებას ემსახურება ტრამპის იდეა, მიჰყიდოს ამერიკული შეიარაღება ნატოს, რომელიც შემდეგ თავად გადაანაწილებს მას უკრაინისთვის? ნიშნავს თუ არა ეს, რომ აშშ პასუხისმგებლობის ფორმალიზებას და ალიანსის ფარგლებში გადანაწილებას ცდილობს?
- დიახ, ეს ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, იარაღი მიჰყიდოს ნატოს, ალიანსმა კი შემდგომში მისი უკრაინისთვის გადაცემა უზრუნველყოს. მეორე გზა, რომელიც ტრამპს აქვს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენება და სამხედრო მარაგებიდან დახმარების პირდაპირ გამოყოფაა. მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, ამ მექანიზმს აქტიურად იყენებდა, ტრამპს კი პრეზიდენტობის ექვსი თვის განმავლობაში ეს ჯერ არ გაუკეთებია. შეიარაღება, რომელიც ამჟამად უკრაინაში იგზავნება, ჯერ კიდევ ბაიდენის მიერ გამოყოფილი დახმარების ნაწილია. თუ ტრამპი 300-მილიონიან პაკეტს რეალურად გაგზავნის, ეს ნიშნავს, რომ „ნავსი გატყდა“ და ის მზად არის, უკრაინის მხარდაჭერა განაახლოს.
- დასავლურ მედიაში ვრცელდება ვერსიები, რომ პენტაგონი დამოუკიდებლად მოქმედებს და ტრამპმა „გაყინული“ დახმარების შესახებ არაფერი იცოდა. რამდენად რეალურია ეს და ხომ არ ცდილობს ტრამპი, ამით პასუხისმგებლობა თავდაცვის მდივანზე გადაიტანოს?
- ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, პენტაგონმა უმაღლეს მთავარსარდალთან შეუთანხმებლად მიიღოს ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ თავდაცვის მდივანმა ეს უკვე მესამედ გააკეთა. თავად ტრამპი და ამერიკული მედია ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყო. თუ ეს სიმართლეა, ეს სახიფათო პრეცედენტია, რომელიც პენტაგონზე პრეზიდენტის კონტროლის შესუსტებაზე მიუთითებს. ხოლო თუ იცოდა და პასუხისმგებლობას თავდაცვის მდივანს აკისრებს, ეს კიდევ სხვა უკიდურესობა და პოლიტიკური თამაშია.
- უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის იდეა პრეზიდენტ ზელენსკისგან წამოვიდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური რესურსები შეზღუდულია. რამდენად რეალისტურია, რომ ევროპელი ლიდერები ამ შესყიდვებს რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დააფინანსებენ? ხომ არ გაამწვავებს ეს ნაბიჯი რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებას?
- ფაქტობრივად, ევროპამ უკვე დაიწყო დაყადაღებული რუსული აქტივების გამოყენება. 300 მილიარდი დოლარის ფარგლებში არსებული თანხებიდან ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინის დახმარება დაიწყო. როდესაც ზელენსკი 15 მილიარდი დოლარის ღირებულების "პატრიოტის“ სისტემების შეძენაზე საუბრობს, ის სწორედ ევროკავშირისა და ამ გაყინული რუსული აქტივების იმედად არის. იქმნება უცნაური პრეცედენტი: რუსეთი საკუთარი ფულით აფინანსებს როგორც თავის საოკუპაციო არმიას, ისე, ირიბად, უკრაინის თავდაცვას. გამოდის, რომ ფრონტის ორივე მხარეს რუსული ფული იხარჯება.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ტრამპის მოსალოდნელმა განცხადებამ, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინის მკაცრ კრიტიკას მოიცავს, მნიშვნელოვნად შეცვალოს აშშ-ის სტრატეგია და პარტნიორების ტონი რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაამკაცროს?
- დიახ, კონგრესმენები უკვე საუბრობენ 500%-იანი სანქციების პაკეტზე, რომელიც შესაძლოა, დაუწესდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ენერგორესურსებს (გაზს, ნავთობს) ყიდულობენ და ამავდროულად, არ ეხმარებიან უკრაინას. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოც არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ჩვენ რუსული გაზის მომხმარებლები ვართ და შესაძლოა, უკრაინის არასაკმარის დახმარებაში დაგვდონ ბრალი. მოლოდინი არსებობს, რომ ტრამპი სწორედ ამ მიმართულებით გააკეთებს აქცენტებს.
- თუ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც გადადის „თაფლაკვერიდან მათრახის“, პოლიტიკაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რუსეთისთვის პრაქტიკაში - ფრონტის ხაზზე, სანქციების გაძლიერებისა და საერთაშორისო იზოლაციის თვალსაზრისით?
- ტრამპის ცვალებადი პოლიტიკის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, მისი განცხადება არც ისეთი რადიკალური აღმოჩნდეს, როგორსაც ელიან. მაგრამ თუ რუსეთს მართლაც დაუწესდა 500%-იანი სანქციები, ეს მისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. რუსეთის ეკონომიკა და, შესაბამისად, ომის წარმოების უნარი, პირდაპირ არის დამოკიდებული ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე. თუ ნედლეულის ექსპორტი შეუმცირდება ან ნავთობის ფასი 60-დან 45 დოლარამდე დაეცემა, ეს კრემლს კრიტიკულ პრობლემებს შეუქმნის. შემოსავლების წყაროს გადაკეტვა მასზე ზეწოლის ყველაზე ეფექტური ბერკეტი გახდება ომის დასასრულებლად.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ირაკლი ალადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს