ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
"თავდაცვის ძალები ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, რომელიც ასრულებდა უდიდეს როლს ქვეყნის დასაცავად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა თავდაცვის ძალების განვითარებაში. სამხედროები არა მხოლოდ ემსახურებიან სამშობლოს, არამედ სამაგალითონი არიან ახალი თაობისთვის, მათთვის, ვინც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს თავდაცვის ძალები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მიმართ და აღნიშნა, რომ დაჯილდოების ღონისძიება გამოხატულებაა დაფასებისა და პატივისცემისა, რომელსაც ხელისუფლება, ზოგადად, სახელმწიფო თითოეული სამხედროს მიმართ იჩენს.
მინისტრმა უწყებრივი საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები: ჯონი ტატუნაშვილი, ზაზა ჩხაიძე და ირაკლი ჭიჭინაძე.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებრივი საიუბილეო მედლები, სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღები და თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღისთვის სპეციალურად დამზადებული საჩუქრები, ასევე გადასცეს სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, დეპარტამენტის, აკადემიის, სხვადასხვა ცენტრის, სააგენტოების უფროსებსა და მეთაურებს.
ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი




