ირაკლი ღარიბაშვილი – არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება


ავტორი
Front News საქართველო
300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც „ენჯეო“, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ადრე არსებული მახინჯი სისტემა ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და სხვა ინსტიტუტებს და მურუსიძე-ჩინჩალაძე სწორედ ამ სისტემის მსხვერპლი იყვნენ.
“რას ერჩით მურუსიძეს? ეს არის ჩვეულებრივი კამპანია. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, იყო მახინჯი სისტემა. მახინჯი, მჩაგვრელი სისტემა ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და ასე შემდეგ. მთელი ეს ინსტიტუტები, პრაქტიკულად, გაუქმებული იყო. ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე ახსენეთ, მაშინ ვინ შეეკითხებოდა ამ ადამიანებს? იყო საშინელი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ესენი იყვნენ სისტემის მსხვერპლი. უფრო მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ ამ ადამიანებმა სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს. მთელმა მოსამართლეთა დიდმა კორპუსმა, 300-მა მოსამართლემ აირჩია ეს ადამიანები. მათ თავად გადაწყვიტეს, ჩვენ არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ პროცესში. თქვენი ფავორიტი „ენჯეოები“, რომლებიც ემსახურებიან არა ქართულ, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს, მაშინდელი „ენჯეოები“ პირდაპირ, დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ჩარეულიყო. მახსოვს, აირჩიეს ბატონი მურუსიძე, თუ არ ვცდები ქალბატონმა გიგაურმა შეხვედრაც კი გამართა მასთან და ზარ-ზეიმით აღინიშნა ეს პროცესი. რატომ? მათი მოლოდინი იყო, რომ სასამართლო თავისუფალი არ გახდებოდა. საბედნიეროდ, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიჭირა სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და გვერდში დგომა აღვუთქვა თითოეულ მოსამართლეს, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არა როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ამ სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიციისთვის. 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც „ენჯეო“, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პრეტენზია თუ გვაქვს, რომ ვართ თავმოყვარე ერი, არ უნდა დავუშვათ, ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება შეამოწმოს.
“დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ეს არის ჩვენი სასამართლო, ქართული სასამართლო, არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში.
დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე, ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან უცხო ქვეყნებმა, ეგეც დაუშვებელია. მით უმეტეს, აქ ზოგიერთი აგენტის ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტები არიან, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. გადახედეთ რეიტინგებს. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელ ევროპაში, ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. მათ შორის, პირველ ადგილზე ვართ კანონის უზენაესობის მიხედვით. ასე რომ, ეს კამპანია, რაც არის „ვეტინგთან“ დაკავშირებული, არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება კარგად გამოვიკვლიოთ, კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი