ირაკლი ღარიბაშვილი – ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა

ავტორი
Front News საქართველო
ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი დიდი ოპტიმიზმით ელოდება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამობრძანებას.
“მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან. საჯაროდ მინდა გამოვხატო მადლიერება ბატონი სალივანის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი.
ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა ბოლო პერიოდში, ასეთი მაღალი დონის საუბრები/შეხვედრები სამწუხაროდ აღარ გამართულა. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენთან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას.
მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით, მე ვიტყოდი ასე, ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, ქალბატონი დანიგენის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში.
მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა გამოვთქვა ჩემი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გულწეფელი რაც მთავარია, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ურთიერთობა.
ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის.
ასევე მინდა აღვნიშნო, ხანდახან შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ, ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენს ქვეყანას, ამერიკას რა თქმა უნდა თავისი მიზნები და ინტერესები აქვს.
არსებობს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ვთანხმდებით ამაზე და ეს არ არის ანომალია და არანორმალური მოცემულობა.
მთავარია ის, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს კომუნიკაცია გულწრფელი. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი არ გვაქვს. არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არც ერთ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ, მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




