ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ 3 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან. ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსაზრება, რომ 9 რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულები, რამდენიმე არის დარჩენილი, რაც მე ვისაუბრე.
ძირითადად მე გამოვყოფდი 3 რეკომენდაციას, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლა, ეს არის დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობა. მეორეს – ეს არის დეოლიგარქიზაცია, ამაზე ჩვენ ძალიან მალე, 1-2 კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორი უნდა იყოს ამ საკითხის დარეგულირება, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში და მესამე – ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც მე ვრცლად ვისაუბრე, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან. ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი