ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ამას ერთად მივაღწევთ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს პროგრესი ყველა მიმართულებით.
“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან ძალიან სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელსაც, მიუხედაავად ამ გამოწვევებისა და რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც ცხრა თვეში. თავად ნახავთ, რომ გვაქვს პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი, მთელი ინდუსტრია და ბიზნესსექტორი არის გააქტიურებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, დიდი მიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
“ერთადერთი გამონაკლისია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ამავდროულად, ჩვენი პრინციპულობით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ გქვონდეს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ამას ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი