
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში მისი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორის მოადგილე ჯასტინ ჯეიმს მაკენზი სმიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ჯეიმს კლევერლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს