ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და მომავლის ენერგიის მუზეუმი “ნურ-ალემი” დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ეწვია.
მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად ფინანსური ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.
ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი 2018 წელს დაარსდა და ბიზნესისა და ფინანსების მთავარი რეგიონული ცენტრია, რომელიც ქვეყანას გარე ბაზრებთან აკავშირებს. 2022 წლის მონაცემებით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან 35-ზე მეტი ქვეყნის 1045 კომპანია თანამშრომლობს.
ღარიბაშვილი ასევე ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემს’’ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.
მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, “კოსმოსური კვლევის გვირაბი”. მუზეუმში წარმოდგენილი “მზის ბურთი” მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.





