Logo

ირაკლი კირცხალია - საზოგადოებას, რომელიც გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ ელჩების მიმართ მოთმინების პოლიტიკას

პოლიტიკა
275
Frontnews image description

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ სამართლიანად აღშფოთებულ საზოგადოებას განუმარტოს, თუ რატომ ატარებს კონკრეტული ელჩების მიმართ მოთმინების პოლიტიკას და რატომ იკავებს სახელმწიფო ამა თუ იმ ელჩის გაძევებისგან თავს.

"გვსურს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს გამოვეხმაუროთ - თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არაერთხელ გამხდარა ობიექტური ვნებათაღელვის მიზეზი.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს.

ასევე, ანალოგიურ განცხადებებს ვისმენთ ცალკეული ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა, თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდანაც კი.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს.

ჩვენთვის გასაგები რომ გახდეს, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის ქცევა, დავიწყოთ იმით, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის: დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე, როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავად ამ ქვეყნების მოსახლეობას და მომავალს, ასევე, მთლიანად ევროკავშირს, არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის და მრავალი საფრთხის წინაშე აყენებს.

„დიფ სთეითის“ გავლენით და დაკვეთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შედეგები საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა“.

ყველას კარგად გვახსოვს, თავის დროზე, როგორ არ მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ამას ყველაზე მეტად ვიმსახურებდით; კარგად გვახსოვს, როგორ იქცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის თემად, სანამ ევრობიუროკრატთა ზეწოლისა და სპეკულაციების მინიმუმამდე შესამცირებლად, ხელისუფლებამ პრევენციული ნაბიჯი არ გადადგა;

გვახსოვს ევროპარლამენტის აბსოლუტურად უსამართლო და აბსურდული რეზოლუციები, რომელთა მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა, პროცესების რადიკალიზაცია და ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა იყო;

გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებშიც ანგაჟირებული ევროპარლამენტარები სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ და სამკურნალოდ მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას, შემდეგ კი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია და სასჯელს სრულიად სამართლიანად იხდის;

გვახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კრიტიკული, დაუსაბუთებელი და არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, საიდანაც, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად უსამართლოდ მოქმედების გამო, ხელისუფლებამ დელეგაცია გაიწვია.

რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს ევროკავშირის წევრი მთელი რიგი ქვეყნების ელჩების და პოლიტიკოსების განცხადებები, რომლითაც, ლამის პირდაპირ უჭერდნენ მხარს საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობებს;

გვახსოვს საქართველოს შიდა საქმეებში ევრობიუროკრატების უშუალოდ ჩართვის მცდელობაც, როდესაც ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას შეუერთდნენ.

აღარაფერს ვამბობთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ, გაუგონარი და აბსურდული მიზეზებით, ქართველი მოსამართლეებისა და პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, რაც ასევე კარგად ასახავს იმ არადიპლომატიურ და არამეგობრულ ქმედებებს, რომლის საბოლოო მიზანსაც საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ქვეყნის „დიფ სთეითისთვის“ დაქვემდებარება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.

Advertisement