Logo

ირაკლი კირცხალია - ტერორში აცხოვრებდნენ თავიანთ მოქალაქეებს და დღეს კიდევ პრეტენზია აქვთ, რაიმე პოლიტიკური აქტივობა ჰქონდეთ

პოლიტიკა
13 საათის წინ / 15:50
Frontnews image description

ორი ოჯახის წარმომადგენელი საუბრობდა [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე]. წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია აღიდგინა დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციით რომელიც არის ცნობილი,  - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ტერორში აცხოვრებდა საზოგადოებას და დღეს კიდევ პრეტენზია აქვთ რაიმე პოლიტიკური აქტივობა განახორციელონ.

"ჩემი მეგობარი მოესწრო ამ მოვლენებს და აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ საპროტესტო აქციის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობდა იმ მძიმე წლებში. მიყვებოდა, მეორე დღესვე, შემთხვევის ადგილზე როდესაც მივედით, იმ დახვრეტილი ბიჭების სისხლიც კი არ ჰქონდათ მორეცხილიო - სადგურის ტერიტორიაზე საჩვენებლად იყო, რათა ყველას ენახა, რა რეჟიმთან და სისასტიკესთან ჰქონდათ საქმე. ასეთ ტერორში აცხოვრებდნენ თავიანთ მოქალაქეებს და დღეს კიდევ პრეტენზია აქვთ, რომ რაიმე პოლიტიკური აქტივობა ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაიმე სიტყვა თქვან. უბრალოდ ამაზრზენია მათი მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა“, – განაცხადა კირცხალიამ.

კირცხალიამ ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, საგამოძიებო კომისიამ ქურდების და  ყაჩაღების რეაბილიტაცია მოახდინა და კომისიის მუშაობას კრიმინალების კონტრრევოლუცია უწოდა. მისი თქმით, სწორედ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავარი კრიმინალი და ის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ცდილობდა ანტისახელმწიფოებრივი საქმის კეთებას.

"სააკაშვილი როდესაც ასეთ შეფასებას აკეთებს, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და შემდეგ ყველანაირად ცდილობდა, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის, ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეფინანსებინა და ეკეთებინა ჩვენს ქვეყანაში თავისივე აგენტებზე დაყრდნობით. გვახსოვს მისი შემოსვლაც და გეგმებიც, რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული. მის განცხადებებს რაც შეეხება, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არათავსებადია მასთან.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიიდან რას ველოდებით -  ველოდებით იმ მყარ დასკვნას, რომელსაც ძალიან სკრუპულოზურად შეადგენს საგამოძიებო კომისია. დასკვნა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენი „ქართული ოცნებისთვის“, რათა წარვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოში მყარი სარჩელი ამ მოღალატეების და მოძალადეების წინააღმდეგ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოსცილდნენ ქართულ პოლიტიკას ეს მავნებლები და აგენტურული ქსელი - ეს არის მიზანი და ეს არის საზოგადოების დაკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები