ირაკლი კობახიძე - 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას პასუხი ვერ მივიღე, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ

ავტორი
Front News საქართველო
თუ იცის ბატონმა ლევანმა რამდენია დღეს ქვეყნის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება პენსიის მომატებას 200 ლარით? ამას თუ იტყვის, მერე თქვას, რას მოაკლებდა ამ თანხას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა "დებატებში“ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას შეეხებოდა.
მისი თქმით, 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება,რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით და პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა, ოპონენტისგან ვერ მიიღო.
"2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება, რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით. მარტივად დავსვი კითხვა - რას მოაკლებდა. რომ ავიღოთ მთელი სუსის ბიუჯეტი და სუსში უამრავი ადამიანია დასაქმებული, იქ ხელფასები გაიცემა. ხელფასები 3 მლრდ 420 მლნ-ია საჯარო სამსახურში. ამის ძირითადი ნაწილი არის პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სფერო. რას მოაკლებდა ლევან გოგიჩაიშვილი? ჯარისკაცები შევამციროთ, ჯარისკაცებს ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ. თუ იგივე სუსი შევამციროთ და ხელფასები მოვაკლოთ. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო რეიტინგებით არის აღიარებული, მაღალი სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო რეიტინგებით და სუსი უნდა გავაუქმოთ, რომელიც ამ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი? სულ რომ გააუქმო, შეიძლება მაინც არ ეყოს პენსიების გაზრდას 200 ლარით. ამიტომ მარტივი კითხვა დავსვი, არა დემაგოგიურად, არამედ კონკრეტულად უნდა გვიპასუხონ - რომელ სფეროს მოაკლებენ, განათლებას, სოციალურს, რომელიც არის ბიუჯეტში 34%, მესამედზე მეტი ბიუჯეტისა ხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს. ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას? პასუხი ამაზე ვერ მივიღე, შესაბამისად, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




