ირაკლი კობახიძე - 2029 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ

ავტორი
Front News საქართველო
უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.
"საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა სტუმრებმა, ყველამ აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას. თითოეული მათგანის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს ისტორიაში. ამ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის შემადგენლობას მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცედენტო წარმატებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2029 წელს საქართველო უმასპინძლებს ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში.
"ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. სპორტის მინისტრს მინდა გადავუხადო მადლობა ამ ძალისხმევისთვის. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტების ჩატარება“, - განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




