Logo

ირაკლი კობახიძე - 4 წელიწადში 11 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის

პოლიტიკა
117
Frontnews image description

არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად არის, ვიდრე საქართველოში, თუმცა მაგალითად, ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ 11 მილიარდით გავზარდეთ 4 წელიწადში სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის სხვაობა მინიმუმ 2,5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

„ისე სხვაობა მეტია, მაგრამ ზრდა გვაქვს 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ყოველწლიურად, რაც ბიუჯეტში შედის. გახსოვთ, რომ ვიღაცები 100 მილიონი ლარის საბიუჯეტო შენატანებს გვამადლიდნენ, არც იყო საბიუჯეტო შენატანი სინამდვილეში და მოლდოვასთან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ ყოველწლიური სხვაობა საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში. მაგალითად, როცა ეკონომიკას აფასებ, ვერ გაექცევი იმაზე საუბარს, რომ საქართველოში ეკონომიკა და ბიზნესგარემო არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე მოლდოვაში, მაგრამ როცა ხარ პოლიტიკოსი, ან ელჩი და არ მოგეთხოვება ფაქტებზე დაფუძნებით საუბარი, შეგიძლია, პირდაპირ გამოხვიდე და თქვა, რომ მოლდოვაში არის უკეთესი მდგომარეობა, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია. გამოვიდა მთელი ბიუროკრატია და ამბობს, როგორ შეიძლება პარტიის აკრძალვა, ამ დროს ერთმანეთის მიყოლებით აკრძალეს პარტიები უკრაინაში და მოლდოვაში და ტელევიზიები. მოლდოვაში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2  და იქ მედიაპლურალიზმი ყვავის და საქართველოში მედია არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ როდესაც ფაქტებზე დაფუძნებით საუბრობ, ხომ ვერ გაექცევი იმას, რომ არის ერთი საზმაუ, მეორე საზმაუ, მეტი არაფერი. საქართველოში არის ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე კერძო ტელევიზია და ყველას აქვს თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება. როცა ფაქტებზე დაფუძნებით საუბრობ, იქ ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ თუ აკეთებ ზოგად განცხადებებს, იქ შეგიძლია, ნებისმიერი რამ თქვა და ენას ძვალი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement