ირაკლი კობახიძე – ჩვენი მილიონი ამომრჩევლის და კიდევ უფრო მეტისთვის აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისვთის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ამომრჩევლისთვის ორგანულად მიუღებელი არიან.
“მათ მხარი დაუჭირეს სამ კანდიდატს. როგორც ჩანს, ესენი იყვნენ აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი. აქედან ჯანეზაშვილმა ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მისვლა. შეგახსენებთ, იგივე ჯანეზაშვილს ათი ქულა დაუწერეს კომპეტენციაში. ადამიანი, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის ნაწილში, იღებს ათ ქულას. რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ დასკვნას. ბუნებრივია, ნულოვანი ფასი აქვს, როდესაც ასეთი კანდიდატი კომპეტენციაში იღებს ათ ქულას. რაც შეეხებათ აბაშიძეს და ბურჯანაძეს, აბაშიძემ, მაგალითად, იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდა არაკომპოსტირებადი ნარჩენი. როდესაც ასეთი განცხადების შემდეგ მხარს უჭერ კანდიდატს, გამოდის, რომ მართლა არაკომპოსტირებადი ნარჩენი ხარ და ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამიტომ გამორიცხულია, აბაშიძისთვის ღირსეულ დეპუტატს მხარი დაეჭირა. რაც შეეხება ბურჯანაძეს, შეგახსენებთ, ის მოწოდებებს ავრცელებდა მესამე აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე აქცია იყო მთლიანად პოლიტიზებული, მიზნად ისახავდა წალეკვას, მთავრობის გადაყენებას. როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ აქციებში, კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩვენ უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლის და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ადამიანები, ტიპაჟები, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან. ჩვენ ხომ პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი, მილიონ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ორგანულად მიუღებელია ის ტიპაჟი, რომელსაც განასახიერებს აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ან რომელიმე სხვა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე