ირაკლი კობახიძე - დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა სანქციებთან მიერთება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და შემდეგ ზელენსკის ხელით გაიწვიეს ელჩი


ავტორი
Front News საქართველო
2022 წელს ქართველ ხალხს სრულიად უსამართლოდ, დაუსაბუთებლად უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე და უსამართლობა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ახორციელებს, დღესაც გრძელდება, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უთხრეს ქართველ ხალხს უარი 2022 წელს სტატუსის მინიჭებაზე.
"თქვენ იცით, რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე - ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, ქართველ ხალხს უთხრეს უარი, წელიწად-ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ეს უსამართლობა გრძელდება, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. რომ დავიწყოთ 2022 წლიდან, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, რაც საჭიროა. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ვითარება შეიცვლება, თუმცა ამ შემთხვევაში, „დიფ სთეითისგან“ მათ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ და დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, რომ არის სრული, ტოტალური უსამართლობა, ამ უსამართლობაზე ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ პასუხისმგებელნი", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, დახურულ კარს მიღმა, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა სანქციებთან მიერთებას, რაზეც უარის მიღების შემდეგ, ზელენსკის ხელით, საქართველოდან გაიწვიეს ელჩი.
"გაქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? არ არსებობს ამაზე პასუხი. სანქციები რომ არ დავაწესეთ და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, რის გამოც ზელენსკიმ შემდეგ ელჩი გაიწვია ეს იყო მიუღებელი პოზიცია? ზელენსკიმ გაიწვია თავისი ელჩი საქართველოდან და ეს გადაწყვეტილება ვინმემ უარყოფითად შეაფასა ევროპაში? - არა, იმიტომ რომ იყო კოორდინაცია. დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა სანქციებთან მიერთება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და შემდეგ ზელენსკის ხელით გაიწვიეს საქართველოდან ელჩი. სწორედ, ამ ორი საბაბით - ერთი იყო სანქციების არდაწესება და მეორე იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა. არავითარი კრიტიკა არ ყოფილა ამ გადაწყვეტილების მიმართ, რატომ არ გააკრიტიკეს, იმიტომ რომ ყველაფერი იყო კოორდინირებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე