ირაკლი კობახიძე – დავისახეთ ამბიციური მიზანი, გავასამმაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და უზბეკეთს აქვთ განსაკუთრებული ისტორიული კავშირები, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი, ახლა მთავარია, აღვასრულოთ ის მიზნები, რაც დავისახეთ ამ ორი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან.
“ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს უზბეკეთში. გვქონდა ძალიან საინტერესო, ძალიან მეგობრული შეხვედრები როგორც პრეზიდენტ მირზიოევთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შევეხეთ ასევე ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული ასპექტები, რის საფუძველზეც განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული მიზნები, ამოცანები და ჩვენ შევჯერდით პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, გავასამმაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რაც არის ამბიციური ამოცანა, თუმცა არის აბსოლუტურად მიღწევადი. არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია ძალიან სწრაფი ტემპით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ასევე შევეხეთ განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში თანამშრომლობას. ზოგადად ინტერესი გვაქვს ძალიან დიდი თითოეული ამ მიმართულებით. არის განსაკუთრებული ისტორიული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის, აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი, ახლა მთავარია, რომ აღვასრულოთ ის მიზნები, რაც დავისახეთ ამ ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს