ირაკლი კობახიძე - Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით

ავტორი
Front News საქართველო
Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში.
"ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში და გავცე პასუხი იმ აქტუალურ შეკითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან თემასთან. ამ თემების მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეკითხვის ავტორებს ამ ორი თემის წინ წამოწევისთვის. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, რომ დისკუსიის ფარგლებშიც, ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ ორივე საკითხთან დაკავშირებით. შევეცდები, მაქსიმალურად ამომწურავად გავცე პასუხი თითოეულ დასმულ შეკითხვას.
პირველ რიგში, შევეხები თემას, რომელთან დაკავშირებითაც გაშლილია ფართო პოლიტიკური დისკუსია. ერთი შეკითხვის ფარგლებშია დასმული რამდენიმე ქვეშეკითხვაც, რომელსაც სათითაოდ გავცემ პასუხს.
რაც შეეხება ხელშეკრულების არსს და შინაარსს, ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე - ეს არის საქართველოს მთავრობა, ქართული სახელმწიფო და მეორე მხარეს არის კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიაა. საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს წილი საერთო კომპანიაში არის 33,3%, ხოლო Eagle Hills-ის წილი არის 66,7%. რაც შეეხება ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციას, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. ამ კომპანიას უწუნებენ რეპუტაციას, თუმცა, ამ თემის შესახებ მე ხშირად მისაუბრია უცხოელ ბიზნესმენებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და ყველა გამოხატავს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ინვესტიციის მიმართ. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი - როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




