ირაკლი კობახიძე – ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება, გაუკეთდეს ოპოზიციას, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულად თავსებადია.
რაც შეეხება 2-პროცენტიან ბარიერს, კობახიძის თქმით, არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, უკეთესია თუ არა ის 5-პროცენტიან ბარიერზე და შესაძლოა, პირიქითაც იყოს.
“ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.
რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება, უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება, გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ალბათ, ამას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა, რომ ჩანაწერი მომდევნო არჩევნების შესახებ უნდა იქნას ამოღებული. ცალსახად, თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება, თუმცა რიგგარეშე არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




