ირაკლი კობახიძე – ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა ომის შემდეგ, წლების წინ მიიღეს და რომ არ იცვლება, ამის უკან რაღაც მიზეზი უნდა იდგეს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთდება, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევად გაგრძელდება.
“რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი – ჩვენთვის დასანანია ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევად გაგრძელდება. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას რატომღაც პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ თავისთან ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები.
“ეს არის მათი პრინციპული პოზიცია და სამწუხაროდ, ეს პოზიცია არ იცვლება. მათ იციან, რომ ეს პირველ რიგში, არის არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლინება ქართული სახელმწიფოს მიმართ, რადგან ესენი არიან ქვეყნის მთავარი კრიმინალები. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, არ იცვლება მათი დამოკიდებულება, ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ ერთადერთი, ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა ამაზე ღრმად ჩვენ ვერ შევალთ კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია და ამ ფაქტორს მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ ანგარიში. რაც შეეხება მათ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა ომის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათი მხრიდან წლების წინ და რომ არ იცვლება ეს გადაწყვეტილება, ამის უკან რაღაც მიზეზი უნდა იდგეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე