Logo

ირაკლი კობახიძე - განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია, რომ მოვახერხოთ გარდამტეხი ცვლილებების შეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

პოლიტიკა
45
Frontnews image description

განათლების სისტემის რეფორმა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ გარდამტეხი ცვლილებების შეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თანამედროვე საზოგადოებაში, პირველი, რაზეც ეკონომიკა დგას, განათლებაა.

„ჩვენ რომ გვქონოდა უკეთესი ვითარება განათლების სისტემაში, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ისედაც მაღალია, საშუალო ზრდა ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს 9.3 %, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. ეკონომიკური კუთხით, სოციალური განვითარების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი განათლების სისტემა. ვითარება არის საკმაოდ არასახარბიელო ამ თვალსაზრისით, რაზეც საყოველთაო კონსენსუსი იყო საზოგადოებაში. ჩვენი ოპონენტები ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ არ იყო საქართველოში უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი, ამბობდნენ, რომ ამის გამო ახალგაზრდები გადიოდნენ ქვეყნიდან, საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. გახსოვთ, როცა ჩვენ დავაანონსეთ ინიციატივა სასკოლო განათლების 12-დან 11 კლასამდე შემცირების თაობაზე, მთავარი პრეტენზია იყო, რომ ბავშვებს აღარ ექნებოდათ ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. იმაზე არავინ საუბრობდა, რომ საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს პირველ რიგში ბავშვს და ახალგაზრდას სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა. საყოველთაოდ აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი არის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი. მარტივად შემიძლია, შევადარო საქართველო და გერმანია, ჩვენი საუკეთესო უნივერსიტეტი და გერმანიაში საშუალო უნივერსიტეტი, აქაც კი ხუთმაგი, ათმაგი არის სხვაობა, ხარისხს თუ შევხედავთ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები განათლების სისტემაში. სტატისტიკას რომ შევხედოთ, 64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში. საქართველოში არის იმაზე მეტი უნივერსიტეტი, ვიდრე ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ჩვენი ზომის და ჩვენზე უფრო დიდ ქვეყნებში. ეს სტატისტიკაც, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ჩამოყალიბებული. გვჭირდება ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები