Logo

ირაკლი კობახიძე - ილია მეორის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიის და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში

Frontnews image description

უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით ილია მეორემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

"სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიის და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.

საუკუნოდ იყოს მისი ხსენება", - წერს ირაკლი კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები