ირაკლი კობახიძე - იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები, აუცილებელი პირობაა, ეს სხვა პირი აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
"ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას უწყობდა ხელს კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების პოლიტიკა. ეს იყო გარედან თავსმოხვეული. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები. საზოგადოებამ სწორედ ასეთი დისკუსიების საფუძველზე უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალობოს საკუთარი აზრი. ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, რომ ეს სხვა პირი, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს.
"თუ არ აღიარებს, რა ჯანსაღ დისკუსიებზეა საუბარი. ამიტომ, არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, რომ ის დებატები, რომელიც გაიმართა, მაგალითად „რუსთავი 2"-ის ეთერში, ეფუძნება სწორ პრინციპებს. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კონკრეტული ფორმატი ჩვენ მოგვცემს შედეგს და შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირება და იმ ნეგატიური მუხტის შემცირება საზოგადოებაში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი. ამიტომ, სწორი პრინციპები უნდა არსებობდეს, სწორ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი დისკუსია, დებატები. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




