ირაკლი კობახიძე – ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარად ჩანს, რომ ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება”.
ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წევრების განცხადებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ისინი საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციებს არ გამართავენ.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ისინი არიან თავისი ბუნებით მიდრეკილი არეულობისკენ, დესტრუქციისკენ. აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას რანაირად შეიძლება ვენდოთ? შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის, ერთი – ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე, ყველას უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის, წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, ძალიან დაბალი. უფრო მეტიც, იქნება ეს თბილისში, გორში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. უსაფრთხოების ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი. ბუნებრივია, ამის საჭიროება და აუცილებლობა თუ არ არსებობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცნაზის და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო. ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, რომ აშკარად ჩანს რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს. არ შიმშილობდა ეს კაცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, თავი დაანებონ სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე