ირაკლი კობახიძე - ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს


ავტორი
Front News საქართველო
რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიტინგის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება.
"როგორც მოგეხსენებათ,რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.
თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ.
"შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს