ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში

ავტორი
Front News საქართველო
ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი.
"ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ. თქვენ ლიდერობასაც შეეხეთ შესავალ სიტყვაში და უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც. თუმცა ეს არ იძლევა განზოგადებულ სურათს. გლობალურ მასშტაბში ეს სურათი, ვიტყოდი, რომ არ არის ლამაზი. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროსს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას.
რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




