Logo

ირაკლი კობახიძე – მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, ელჩი გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე

პოლიტიკა
1201
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კელი დეგნანს შეეძლო, თავიდანვე გაეცა კითხვაზე პასუხი და ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მართლაც ჰქონდა. 

 

კობახიძის თქმით, პასუხის გაუცემლობამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა, რომლებსაც პასუხი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გაეცა.

 

“სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ დადასტურდა. რა თქმა უნდა, ელჩს მარტივად შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა, მას შეეძლო, ეთქვა, რომ, ომის დაწყების შემდეგ, ეს შეხვედრა შედგა. ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებას რაიმე დამატებითი კითხვის ნიშნები აღარ ექნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. შემდეგ, ბატონი ივანიშვილის წერილი გავრცელდა, რის შემდეგაც, ელჩმა, საბოლოო ჯამში, დაადასტურა ეს შეხვედრა. ასეთ დროს, როდესაც მარტივად შეგიძლია კითხვაზე პასუხი და ამას არ აკეთებ, ბუნებრივია, საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები და მითქმა-მოთქმა ჩნდება, რაც ძალიან ცუდია.

 

პირადი შეხვედრა რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცემოდა ამ კითხვებს პასუხი. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან ბორჯომში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები