ირაკლი კობახიძე – მივესალმებით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას

ავტორი
Front News საქართველო
კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი. ახლა როგორც არ უნდა ისაუბრონ განსხვავებული ფორმით, ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან კეზერაშვილზე, ის თავის სისხლიან ფულს, კორუფციით ნაშოვნ ფულს აბანდებს ქართულ პოლიტიკაში, წარუმატებლად, მაგრამ ეს მაინც ასეა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ვიღაცას მოსწონს კეზერაშვილი და ვიღაცას – არა, არის ცარიელი ფარსი. ისინი იღებენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას მანდატი 2025 წლამდე აქვს.
“გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან დიდ კოალიციას. ამის უზრუნველსაყოფად, შევხვდებით ყველა მნიშვნელოვან ადამიანს, მეტსაც გეტყვით, იმდენად საინტერესო ხალხი იყო იქ, მათ შორის საქართველოდან თავმოყრილი… რაც, მგონი, ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ ესიამოვნება.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის იქნება უმნიშვნელოვანესი ადამიანი. მან თქვა, რომ პოლიტიკით აპირებს დაინტერესებას და ამას მხოლოდ მივესალმებით. ცხადია ვითანამშრომლებთ. სხვანაირად შეუძლებელია“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




