ირაკლი კობახიძე – მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე


ავტორი
Front News საქართველო
მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს მგონი ჩვენი ჩარევაც აუცილებელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, აქვს პოლიტიკური საფუძველი.
“იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინც და მაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. რა თქმა უნდა, სპეციალურად დაამთხვიეს განცხადება შობის დღესასწაულს იმისათვის, რომ მეტად გაემძაფრებინა ამ შეტევის შინაარსი. მერე გაგრძელდა იმ ვანდალიზმით, რომელიც ვიხილეთ სამების ტაძარში. ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური საფუძველი. ვიღაცებს არ მოსწონთ ის, რომ ეკლესია ყველაფერთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული რეპუტაციით და ნდობით ქვეყანაში, შესაბამისად, უნდათ რაღაცნაირად შეარყიონ ეს ნდობა.
მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ამ ადამიანების მხრიდან არის შეტევის პირდაპირი საგანი და ეს წლებია გრძელდება. ისინი ამაყობენ იმით, რომ ეკლესიის მიმართ ნდობა 99 %-დან შემცირდა პირობითად 95%-მდე და ა.შ. ასეთი რაღაცები უხარიათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმის გამეორება ასი წლის თავზე. გახსოვთ, რომ პიკზე იყო ბოლშევიზმი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 1 საუკუნის წინ და ამ ყველაფრის გამეორებას ვხედავთ ამ ადამიანების სახით, როგორიც არის გიორგი კანდელაკი, ნატა ფერაძე და ა.შ. არ შეიძლება ბოლშევიზმი საქართველოში სარგებლობდეს რაიმე წარმატებით. შესაბამისად, რაღაც მომენტებში ჩვენ ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, რომ დავიცვათ ეკლესია, ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გასამართლება შეიძლება იმ წესით, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება

ირაკლი კობახიძე – ასეთ რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ჩალის ფასი აქვს