ირაკლი კობახიძე – ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს

ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსთავი 2 სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს.
გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. ნაციონალური მოძრაობის ფსევდო-იურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი – როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს.
ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთავი 2-ის მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება, რითაც მან ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორებისა და ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია გააშიშვლა და ისინი სიცრუეში ამხილა. თუმცა, ამის შემდეგ მათ ბოდიში არ მოუხდიათ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისთვის, აგრეთვე პირველი და მეორე ინსტანციის 4 მოსამართლისთვის, რომლებსაც 2 წლის მანძილზე უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას მხრიდან მოსამართლე თამაზ უთმელიძის სამარცხვინო „ბულინგი“ სტრასბურგის სასამართლომ საგანგებოდ დაგმო.
სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს.
ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




