ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც

ავტორი
Front News საქართველო
ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სპეციალური მომლაპარაკებლის დანიშვნის საკითხს ეხებოდა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატია საკუთარ სახეს.
"ეს არის ორმაგი სტანდარტი. თქვენ ხედავთ, რომ სხვა ქვეყნების მიმართაც არის ასეთი ორმაგი სტანდარტები. იგივე, ხშირად ვიხსენებდით ჩვენ მოლდოვის მაგალითს, მოლდოვა დღემდე არის დსთ-ს წევრი, დღემდე აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ დაუწესებია არც მოლდოვას სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, თუმცა დღემდე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 4 წელია თითქმის გასული, ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ მოგვისმენია მოლდოვის მიმართ მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს განსხვავებული მდგომარეობა, არც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, არც ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩადიან, მოლდაველებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამ პირობებში, საქართველო იყო გამოცხადებული რუსულ ქვეყნად, ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებად. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც. მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატია საკუთარ სახეს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




