ირაკლი კობახიძე – ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს მშვიდობას


ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.
პრემიერმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა შეიარაღებული ძალების ვეტერანებს.
“ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის, თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!,“- განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე