ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ეს არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენს ქვეყნებს კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებობს მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი არის ახალი თავი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოში თქვენი ლიდერობით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და თქვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს”,- განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის პოტენციალს და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




