Logo

ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები

პოლიტიკა
98
Frontnews image description

ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ეკონომიკა წავახალისოთ, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე დღეს აჭარაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.

"დავესწარით სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიალს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და შესაბამისად, ჩვენ საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ სტარტაპებს, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს. ჩვენ საგანგებოდ შემოვიღეთ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი სტარტაპებისთვის, კერძოდ, სამი წლის განმავლობაში ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან სტარტაპები ჩვენი გადაწყვეტილებით. ეს ყველაფერიც ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას. დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე, როდესაც გამოირჩა 20 ყველაზე წარმატებული სტარტაპი, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღებს დაფინანსებას და თითოეულ სტარტაპერს მინდა, ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს აჭარაში ახლად გარემონტებული სკოლაც დაათვალიერა.

"ჩვენ აჭარაში რამდენიმე ობიექტს ვესტუმრეთ, მათ შორის ახლად გარემონტებულ სკოლას. მინდა, ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება ახალ გარემოში, რაც ძალიან გვახარებს. ასევე დღეს დავათვალიერეთ ბათუმის აეროპორტი, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე ქობულეთში ვნახეთ სპორტული ინფრასტრუქტურა. „ჩელე არენა“, სადაც 300 ბავშვი დადის ფეხბურთზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც, რომ დამატებით გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ეკონომიკა წავახალისოთ, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

Advertisement