ირაკლი კობახიძე - როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება პრევენციული ეფექტი

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პატიმრების შეწყალების საკითხს ეხებოდა.
მისი თქმით, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს.
"სადაც იქნება სინანული, სადაც იქნება დანაშაულის აღიარება, იქ ჩვენ გვექნება შესაბამისი მიდგომა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის სინანულთან დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.
სინანული არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი რა არის, არავის არ უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გახსოვთ, იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როდესაც სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული. გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი, ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, შემდეგ იყო დაპატიმრებული 6 ადამიანი. ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მე-3 მცდელობა. ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი, რამაც თავისი პრევენციული ეფექტი იქონია.
სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვინმეს ბოდიში კი არ გვჭირდება ან რაიმე ამდაგვარი. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის. როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




